ფიზიკური დაპირისპირება 'მეოცნებეებს' შორის
14:38:24     16-01-2013
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კოტე შარაშენიძემ კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტ ნესტორ რამიშვილს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა.
ამ ინფორმაციას კოალიციის ადგილობრივი აქტივისტები ავრცელებენ. ‘’ოცნების’’ მხარდამჭერი ბესიკ მელუა აცხადებს, რომ რამიშვილს თავის ტრავმა აღენიშნება, თუმცა, ის საავადმყოფოში ამ დრომდე არ გადაუყვანიათ. დაზარალებული ნათესავის სახლში იმყოფება.
რაც შეეხება გამგებელს, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის ადგილობრივმა პოლიციის თანამშრომლებმა უკვე დააკავეს.
‘’პრესა.ჯი’’ მომხდარის გადამოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს, თუმცა, ოზურგეთის პოლიციაში გამგებლის მიერ მოქალაქისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე კომენტარს არ აკეთებენ.
განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია შინაგან საქმეთა სამინისტროსაც.
‘’პრესა.ჯი’’ შარაშენიძის პრესსამსახურსაც დაუკავშირდა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იციან.
პრესცენტრის ინფორმაციით, კოტე შარაშენიძე დღეს ადგილობრივ მუზეუმში უნდა წასულიყო, თუმცა ესწრება თუ არა გამგებელი ღონისძიებას, მათთვის უცნობია.